112

სიახლეები

გიორგი ბუთხუზმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრუ
4 დეკემბერი, 2015

სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბუთხუზმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცენტრმა პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინა. ერთ-ერთ პრობლემად მომხსენებელმა გამოძახებების მზარდი რაოდენობა დაასახელა და აღნიშნა, რომ პრობლემაა არასრულფასოვანი დისპეტჩერიზაციის პროცესიც, რაც, მისივე განმარტებით, დისპეტჩერიზაციის პროტოკოლების არ არსებობით და ზარების რანჟირების სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული. გიორგი ბუთხუზის განცხადებით, ჩატარებული ანალიზის შედეგად, გადაწყდა, რომ დისპეტჩერიზაციის პროტოკოლი საქართველოს ბაზაზე შეიქმნას.
„ჩავატარეთ ანალიზი და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა: პირველი - პროტოკოლები შექმნილ იქნას საკუთარი ძალებით ანუ საქართველოს ბაზაზე. იყო დაბრკოლება, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი გამოცდილება ან ექსპერტი, რომელიც ამ პროტოკოლს შეიმუშავებს. ჩავატარეთ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების კვლევაც, რომლის მიხედვით, 42 ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, სარგებლობენ ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის მიერ მომზადებული პროტოკოლებით.
ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ქალაქ თბილისის მერიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-თან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ზემოაღნიშნული პროტოკოლების მიზანშეწონილობასთან და შესყიდვასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი ბუთხუზმა. მისივე ინფორმაციით, კომუნიკაციის გამარტივებისა და მომსახურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და 112-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ამჟამად სამედიცინო ბრიგადებსა და 112-ს შორის კავშირი რადიოგადამცემისა და მობილიური ტელეფონის მეშვეობით ხორციელდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და სწორედ ამიტომ, გადაწყდა, შემუშავდეს კავშირგაბმულობის სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც რადიო და სატელეფონო კომუნიკაციას ჩაანაცვლებს. „საუბარია პლანშეტურ სისტემაზე, ვმუშაობთ სოფტის დაწერაზე, შევისყიდით პლანშეტებს და კომუნიკაცია იქნება ე.წ. ერთი ღილაკის დაჭერის პრინციპით. ეს მოგვცემს მონაცემთა სწრაფი და მარტივი გაცვლის საშუალებას, დაიზოგება დრო, რაც ეფექტიან მუშაობას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
მომხსენებელმა ისაუბრა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის პრობლემაზეც და აღნიშნა, რომ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის პროცესის ახლებურად დაგეგმვაზე მუშაობა მიმდინარეობს. მიზანი უნიფიცირებული ელექტრონული პროგრამის შექმნაა, რომელშიც სამედიცინო კლინიკების მიერ მიწოდებული სერვისები და ტერიტორიული სიახლოვის პრინციპიც აისახება. პრიორიტეტად გიორგი ბუთუზმა პაციენტებისთვის კლინიკების მხრიდან 24 საათიანი სერვისის მიწოდება დაასახელა.
მომხსენებლის ინფორმაციით, მუდმივად მიმდინარეობს რაიონული სამსახურების დატვირთვის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, გაიხსნება დამატებითი პუნქტებიც, ხოლო ბრიგადების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ინტენსიური კონტაქტია დამყარებული.
როგორც გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ მოხდა ქრონიკული დაავადებების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიცირება, არსებობს შესაბამისი სია, რომელსაც მიზნობრივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში ცენტრი თბილისის მერიას და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცემს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაციის პასუხად, მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2016 წლისთვის, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი თანხა სოციალური სარეკლამო რგოლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილი სხვა ღონისძიებებისთვის.
გიორგი ბუთხუზმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებსაც, რომელიც პალიატიური და ქრონიკული პაციენტების მომსახურებას, ზარების რანჟირების სისტემას და სტატისტიკურ მონაცემებს შეეხებოდა.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო