თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ყაზახეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. დელეგაციაში ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ქალაქ ასტანას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო სადგურისა და წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები შედიან.
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული სამსახური, ნახეს სამედიცინო აღჭურვილობა. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ცენტრში ბოლო დროს დანერგილ სიახლეებით.
ნინა ხატისკაცის განცხადებით, ყაზახეთის დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. ისინი საქართველოში იმ სერვისების გასაცნობად არიან ჩამოსული, რომელსაც საქართველო გადაუდებელი დახმარების კუთხით ახორციელებს თბილისსა და ქვეყანაში.
ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმრების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ყაზახეთის სანიტარული ავიაციის რესპუბლიკური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნურლან ახალბეკოვის თქმით, საქართველოში ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა, „მაინტერესებდა, როგორ მუშაობს თქვენთან გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი, როგორ ხდება გამოძახებებზე გასვლა, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, როგორ თანამშრომლობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საავადმყოფოები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ქართული მხარისაგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლ;ებელი“, - განაცხადა ვიზიტის დასრულების შემდეგ ახალბეკოვმა.