თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სასწავლო ცენტრის ტრენერებისა და ექიმებისათვის სწავლება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის ჯეროვანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სიტუაციის მართვისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ითვისებენ. ტრენინგებს მთავარანგელოზი გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის ტრენერები:
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ნიაური და ნეიროფსიქოლოგი მერი ჭელიძე ატარებენ
ტრენინგის მიმდინარეობას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასთან ერთად გაეცნო. მისი განცხადებით, ექიმებისთვის ამ ტიპის ტრენინგები მუდმივ რეჟიმში ჩატარდება.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვემსახუროთ იმ ქცევის კოდექსის მიხედვით, რომელშიც ზუსტად ახლა მიმდინარეობს გადამზადება. ამაში გვეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ბავშვების მშობლები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ ყველაფერში“,- განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ექიმებს სიტუაციის მართვა უნდა შეეძლოთ.
„ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ინფორმირებული, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მისამართზე და რა საჭიროებები არსებობს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მომსახურებაში. აქამდე მსგავსი პროექტი არ ხორციელდებოდა და მოხარულები ვართ, რომ ეს ტრენინგი ტარდება“, - განაცხადა მაკა გვარამიამ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად 13%-ით იზრდება. აუტისტური სპექტრისა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახები ადრეულ ეტაპზე სწავლობენ კრიზისის გააზრებას და მასთან გამკლავებას, მაგრამ როდესაც საჭირო ხდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმებს უნდა შეეძლოთ სიტუაციის მართვა და ამ სპექტრის მქონე ადამიანებისათვის სწორი დახმარების აღმოჩენა.